ტელეკომოანია ,,იმედის“ ეთერში თამარ ჩუგოშვილმა 20-21 ივნის განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. პარლამენტარი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია ამ მოვლენების როგორც პოლიტიკური შეფასება, ასევე სამართლებრივი რეაგირება.
,,პოლიტიკური შეფასება პირველ რიგში იმიტომაა აუცილებელი, რომ ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს უნდა გავიგოთ, რომ ცვლილებების ერთადერთი და ლეგიტიმური გზა არჩევნებია _ სხვა გზები ამისთვის არ არსებობს.
სხვა გზები ამ ქვეყანას აქცევს და ანგრევს, თუმცა, ამის მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა გზას ვერ ხედავს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ამის გამო ისინი ამ ყველაფერზე მიდიან. ამას ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური პასუხი უნდა გაეცეს და ეს უნდა იყოს ყველასთვის გასაგები. ყველა მოქალაქემ ეს უნდა გავითავისოთ – ყველა ადამიანმა, ვისაც ეს ქვეყანა გვიყვარს, ვისაც ამ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, რომ ცვლილებების, სიახლეების და ა.შ. განვითარების ერთადერთი გზა არის მხოლოდ პოლიტიკური გზა და ეს არის არჩევნების გზა.” – განაცხადა ჩუგოშვილმა. გამოსვლაში ჩუგოშვილი მანამდე ეთერში რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ კომენტარებსაც გამოეხმაურა პოლიტიკურ შეფასებასთან კავშირში და აღნიშნა რომ რომან გოცირიძეს თავად სურს პოლიტიკური შეფასებისგან გაქცევა, რადგან მათ შორის იყო, ვინც პარლამენტში შტურმით ვარდებოდა. ,,საერთაშორისო ორგანიზაციები ზუსტად ამაზე აკეთებენ აქცენტს, რომ გამოძიებული უნდა იქნეს, მათ შორის – რამ გამოიწვია ეს, რა იყო ეს მოწოდებები, რა შტურმზე და რა პარლამენტში შევარდნებზე იყო ლაპარაკი. ამაზე სამართლებრივი რეაგირებაც უნდა მოხდეს და სამართლებრივი შედეგებიც უნდა მივიღოთ. უნდა ვისწავლოთ, რომ ასეთ ქმედებებს მოჰყვება პასუხისმგებლობა და მოჰყვება სასჯელი.