ალეპოში კვლავ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 55 კი დაშავდა. დაშავებულები მკურნალობის კურსს ალ-ქუდსის სამედიცინო ცენტრში გადიან. მათ შორის რამდენიმე ბავშვია.
ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, სირიის ქალაქში მოსახლეობის წინააღმდეგ ქლორი გამოიყენეს.
ალეპოში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას გაეროც გამოეხმაურა. საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა აღნიშნული თავდასხმის გამოძიება დაიწყეს. ამბოხებულები ქიმიური იარაღის გამოყენებაში სახელისუფლებო ძალებს ადანაშაულებენ. თუმცა სირიაში მსგავსი შემთხვევა ადრეც საკმაოდ ხშირად მომხდარა. საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, სამოქალაქო ომის ფარგლებში ქლორს ორივე მხარე იყენებს. ს
ირიის ჩრდილოეთში მდებარე ალეპო ომის დაწყებამდე ქვეყანაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი იყო. ახლა იქ სირიის სახელისუფლებო ძალებსა და მეამბოხეებს შორის დაპირისპირებები მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი არეულობას გაექცა. ნაწილმა კი თავის დაღწევა ვერ მოახერხა და კვლავ ფრონტის წინა ხაზებზე უწევს ცხოვრება.
სამოქალაქო ომთან ერთად სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებასაც ებრძვიან. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული ოპერაციის ფარგლებში მანჯიბთან ახლოს მორიგი ავიაიერიში განხორციელდა. საერთაშორისო ანტი-ტერორისტულ კოალიციასთან ერთად ისლამური სახელმწიფოს უკან დახევას რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებიც ცდილობენ. რუსმა სამხედროებმა მორიგი ავიაიერიში ქალაქ რაქაზე მიიტანეს. სამიზნე ტერორისტების დე-ფაქტო დედაქალაქში განლაგებული ტექნიკა იყო.