გვაინტერესებს თუ რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა ქალბატონმა სალომემ, როდესაც შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ პოლიციის მკვლელობაში ბრალდებული ადამიანები, ნარკორეალიზატორები,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, თუ სალომე ზურაბიშვილი ვინმემ შეცდომაში შეიყვანა, მან ეს უნდა თქვას.
,,მმართველმა გუნდმა, არაერთხელ დასვა კითხვები, არაერთხელ გამოხატა თავისი პოზიცია. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს კითხვებზე პასუხი, თუ რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა ქალბატონმა სალომემ, როდესაც შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ პოლიციის მკვლელობაში ბრალდებული ადამიანები, ნარკორეალიზატორები. შესაბამისად, ჩვენ ამ კითხვებზე გვჭირდება პასუხები. ეს არის სამართალწარმოების პროცესი, თუ პროკურატურა ჩათვლის საჭიროდ, რომ პრეზიდენტი უნდა მივიდეს საგამოძიებო ორგანოში, მივიჩნევ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუციას გააჩნია ვალდებულება, გამოძიებას გასცეს ყველანაირი პასუხი“,- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 28 აგვისტოს მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების საქმეზე უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.