მოვუწოდებ ყველას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის გადასასვლელი, რადგან ადამიანებს ექმნებათ რეალური საფრთხე, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 70 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
“ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში გახლავთ მოსახლეობა. ეს ტრაგედია არ არის ერთადერთი შემთხვევა, საუბედუროდ მოსახლეობას სჭირდება გადაადგილებისთვის სასიცოცხლო საჭიროებები. ეს არის მორიგი მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის. მოვუწოდებ ყველას დაუყოვნებლივ გახსნან ახალგორის გადასასვლელი რადგან მოსახლეობას რეალური საფრთხე ექმნება,” – აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.
შეგახსენებთ, ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა ერთი თვეა ერთადერთი გადასასვლელი ჩაკეტა. რეგიონში საკვების და მედიკამენტების დეფიციტია. ე.წ. მთავრობის ამ ქმედებას უკვე ემსხვერპლა ერთი ადამიანი. მიზეზი – ადგილზე სამედიცინო დახმარების დაგვიანებული აღმოჩენა გახდა.