სასულიერო პირებისგან ზომიერებას, თავმდაბლობას, მედიატორული როლის შესრულებას უნდა ველოდეთ, ყველა სხვა ფაქტორი გვერდზე უნდა იყოს გაწეული, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ სინოდის დღევანდელ სხდომასთან და პეტრე ცაავას განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფოს ფორმირებაში ეკლესიის როლი არ უნდა დაავიწყდეს.
“გრიგოლ ხანძთელისა და გიორგი ჭყონდიდელის გარეშე ჩვენ ძლიერი ქართული სახელმწიფო არ გვექნებოდა. ამიტომ ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ, იმის პოლიტიკურ შეფასებებში, როცა სინოდი გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენი მხრიდან ყველაზე სწორია, რომ დეტალებში არ შევიდეთ და ეს მივიღოთ როგორც არსებული მოცემულობა. ეკლესია სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელია, მაგრამ მისი როლი ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში და სახელმწიფოს ძლიერებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს როლი არც ერთ შემთხვევაში და არც ერთ ეტაპზე არ უნდა დაგვავიწყდეს. გადაწყვეტილებები, რაც სინოდმა მიიღო, თავისი გადაწყვეტილებებია და ეს ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკოსებმაც და მრევლმაც მშვიდად, ადეკვატურად და ამაში დამატებითი დეტალები და ნიუანსები არ უნდა ვეძებოთ.
მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს დედა ეკლესიას და უნდა გვესმოდეს, რომ ყველას გვაქვს ვალდებულება, ვიყოთ ძალიან ფრთხილი და ძალიან ზომიერი შეფასებებში. მგონია, ამ შემთხვევაში, სასულიერო პირებისგან ეს მაღალი სტანდარტი ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო უპრიანია, რადგან მათ კიდევ განსაკუთრებული სულიერი მისია აკისრიათ. თუ მრევლი არ იქნება ერთიანი, ვერც საზოგადოება ვერ იქნება ერთიანი. მთლიანად, ჩვენს სეკულარულ სახელმწიფოში საქართველოს ყველა მოქალაქის ერთიანობა უნდა იყოს ამ ქვეყნის ძლიერების გარანტი. ამიტომ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ საზოგადოება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიყვანოთ, არამედ რა იქნება ერის და მთლიანად ქართული საზოგადოების ერთიანობის წინაპირობა. რაღაც სკანდალური განცხადებები, რომ ვერ იქნება წინაპირობა, ამას ყველა ვხვდებით. ამიტომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს“, – განმარტა ფოფხაძემ.
დეპუტატის თქმით, საზოგადოება სასულიერო პირებისგან ზომიერებასა და მედიატორული როლის შესრულებას ელოდება.
“ვფიქრობ, სასულიერო წრეს ძალიან დიდი სულიერი მისია აქვს ქვეყნის ცხოვრებაში, ამიტომ პოლიტიკური განცხადებების სივრცე თავად მათ, თავისთვის მაქსიმალურად უნდა შეზღუდონ, თუ რაღაც ძალიან აშკარად გამოხატული ანტისახალხო და ანტიეროვნული არ ხდება. როცა მარიხუანას თემაზე ეკლესია გააქტიურდა და მარიხუანას კულტივაციას მკვეთრი ნეგატიური პოზიცია დაუპირისპირა, ეს სწორი იყო. ეკლესიამ ამ შემთხვევაში ძალიან პოზიტიური როლი ითამაშა. ცალკეული პოლიტიკური პროცესების პოლიტიკური შეფასება კი ზიანს მიაყენებს თვითონ ეკლესიის სულიერ დანიშნულებას. ამიტომ სასულიერო პირებისგან, რომლებსაც ნამდვილად არ განვიკითხავ, ჩვენ უნდა ველოდებოდეთ ზომიერებას, თავმდაბლობას, მედიატორული როლის შესრულებას და საზოგადოებაში იმ სიმშვიდის და მაღალი სულიერი ღირებულებების დამკვიდრების მხრივ მუშაობას, რომელიც ეკლესიის მისიაა. ყველა სხვა ფაქტორი უნდა იყოს გვერდზე გაწეული. ამას არ უნდა შეეწყოს ხელი ცალკეული სასულიერო პირები თუ პოლიტიკური განცხადებებით გამოვლენ.
რაღაცნაირად უნდა შევთანხმდეთ, თუ გვინდა, სამშობლოს ყველა ვემსახუროთ, ერიც და ბერიც ძლიერი სახელმწიფოს იდეით ვიყოთ გაერთიანებული, ამისთვის საჭიროა კონცენტრირებული ვიყოთ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც ხალხის წინაშე გვაქვს“, – აღნიშნა ფოფხაძემ.
საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. წმინდა სინოდის დღევანდელი კრების განჩინება ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სხდომაზე მიღებულ ორ გადაწყვეტილებაზე ყოფილმა მღვდელთმთავარმა, პეტრე ცაავამ ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის “პატრიარქმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა“.
მისივე თქმით, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.