ხელისუფლება არ იყენებს არავითარ მეთოდებს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, დეტალურად არ წაუკითხავს ანგარიში, თუმცა მიიჩნევს, რომ სამწუხაროდ, ყოველთვის არ ხდება საქართველოდან ინფორმაციის მიტანა პარტნიორებამდე.
„მე „ფრიდომ ჰაუსის“ სხვა შეფასება ვიცი, რომელიც ამ შემთხვევაში საუბრობს ბევრად უფრო მეტ გამჭირვალე სისტემებზე, თუნდაც ინტერნეტის ღიაობის შეფასებაზე და სხვა დემოკრატიულ პროცესებზე, რომელიც არის. სიმართლე გითხრათ, დეტალურად არ წამიკითხავს ანგარიში, მაგრამ ეჭვს გამოვთქვამ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამწუხაროდ ყოველთვის არ ხდება საქართველოდან ინფორმაციის მიტანა ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
კითხვაზე, ხელისუფლება რატომ იყენებს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის ბოტებსა და ტროლებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ კითხვას ვერ დაეთანხმება.
„რა თქმა უნდა, არ იყენებს ხელისუფლება არავითარ მეთოდებს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის და საერთოდ არ არის ეს ჩვენი მეთოდი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.