სოციალური ქსელის მომხმარებელი თამარ მესხი მეუფე ზოსიმს შესახებ პოსტს აქვეყნებს.
“ახალგაზრდებო, ვერავის სექსუალურ ორიენტაციაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ისეთი რექტორი, როგორიც მეუფე ზოსიმე იყო, სემინარია-აკადემიას აღარ ღირსებია. არც საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ისეთი თავმჯდომარე ჰყოლია, როგორიც ნიკოლოზ მახარაძე იყო.
მეუფე ნიკოლოზზე მოგვიანებით დავწერ. მეუფე ზოსიმეს მიმართ წამოყენებულ ბრალდებას კი იქნებ ამ კუთხით შეხედოთ:
მოგეხსენებათ, 1979 წლის დასაწყისში გაიოზ კერატიშვილი დააპატიმრეს. მთავარ ბრალდებად საეკლესიო ქონების მიტაცება და ჰომოსექსუალიზმი წაუყენეს. გაზეთ „კომუნისტში“ საშინელი სტატიები იბეჭდებოდა დაპატიმრებამდე და მის შემდეგაც. კაცს 15 წელი მიუსაჯეს, გადაასახლეს, მაგრამ ეს ამაზრზენი კამპანია მაინც არ ცხრებოდა. წელიწადი არ გავიდოდა, რომ მასზე საშინელი სტატია არ დაბეჭდილიყო. ისევე როგორც სხვა მორწმუნეეები, მეც ძლიან ცუდად ვიყავი განწყობილი მის მიმართ. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ის ძლიან განათლებული პიროვნება იყო და არაჩვეულებრივი პოეტიც. ასევე, ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში მის მოწაფეებად და მომხრეებად მოიაზრებოდნენ, გამოირჩეოდნენ თავიანთი განათლებით…
1988 წელს გაიოზი ციხიდან გამოვიდა. სწორედ იმ წელს აგორდა სკანდალი ეკლესიაში სოდომური ცოდვის არსებობის შესახებ. ეკლესიიდან განკვეთეს ან განარიდეს ყველა, ვინც კი მის ახლობლად მოიაზრებოდა. მაშინ ვერც მე მივხვდი, რა მოხდა. ახლა კი ვფიქრობ, მომხრეთა განეიტრალებით, კკბ-მ გაიოზს ეკლესიაში დაბრუნების გზა მოუჭრა.
ის გარემოება, რომ ჰომოსექსუალების წინააღმდეგ ზვიად გამსახურდიამ გაილაშქრა, ეს ნუ დაგაბნევთ. ზვიადი თავად აცხადებდა, რომ მას კკბ უთვალთვალებდა, თავის მსტოვრებს უგზავნიდა და ა.შ. რატომ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ზვიადი მაშინ შეცდომაში შეიყვანეს? (ამის სიტყვების გამო, ნუ შემრისხავთ. ზვიდს რომ პატივს ვცემ, ეს საყოველთაოდ ცნობილია. შეცდომაში კი ნებისმიერი ჩენგანი შეიძლება შეიყვანონ).
და კიდევ, მეუფე ზოსიმე უკვე 30 წელია წილკანში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თუ ის მართლაც ასეთია, იმ პატარა დასახლებაში ეს შეუმჩნებველი არ დარჩებოდა. თუ ასე მნიშვნელოვანია ეს საკითხი, მაშინ გამოიყვანეთ ახალი მოწმეები.
მამა გიორგი სხილაძემ აღნიშნა, რომ ბრალმდებელი სტუდენტი, კახა კალაძე, დაბნეული და შეშინებული იყოო. იქნებ იმიტომ იყო შეშინებული, რომ კკბ-მ ასეთი მძიმე დავალება მისცა? ამიტომ ვალდებულია გამოვიდეს და სიმართლე თქვას.
და ბოლოს, მამა გიორგი სხილაძემ ისიც აღნიშნა, რომ სემინარიიდან სტუდენტების გარიცხვის წინააღმდეგი მე ვიყავი. დიახ, ასე იყო, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მჯეროდა მათი ბრალდების. პირველ რიგში, მინდოდა დამეცვა ახალგაზრდები, რადგან სემინარიიდან გარიცხულებს სხვა სასწავლებელში ჩარიცხვა გაუჭირდებოდათ. მეტიც; შეიძლებოდა მთელი ცხოვრება არეოდათ. მეორე მხრივ კი, მინდოდა სიმართლე მაშინვე დადგენილიყო, რათა ეს საკითხი დღის წესრიგში ხელახლა აღარ დამდგარიყო. ამიტომ მოვითხოვე საკითხი პედსაბჭოზე ან თუნდაც საპატრიარქოში განხილულიყო, რამდენიმე პედაგოგის თანდასწრებით. სამწუხაროდ, მხარი არავინ დამიჭირა.
მოგვიანებით გარიცხული სტუდენტები დაბრუნდნენ ეკლესიის წიაღში. ახლა ისინი მღვდლები არიან. თუ გამოძიებაა, მაშინ ისიც გამოიძიეთ, ვინ შეუწყო ხელი მათ დაბრუნებას (იმდროს მე საბერძნეთში ვიმყოფებოდი, ამიტომაც გამომრჩა ეს მოვლენა). მე მათი დაბრუნების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ საინტერესო კია, ეს ბევრ რამეს გამოააშკარავებს.”
