“თამარ ჩუგოშვილს მეტი კომპეტენცია რომ ჰქონოდა, ცხელ გულზე ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა”– განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “იმედი”-ს გადაცემაში “არენა” და კომენტარი გააკეთა თამარ ჩუგოშვილის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
„მე არ ვაფასებ თამარ ჩუგოშვილს, როგორც ადამიანს. ჩემი აზრით, ამის უფლება არ მაქვს, მაგრამ თუ გნებავთ, ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივი ადამიანია. მე შევაფასე პოლიტიკოსი და ამის უფლებაც მაქვს. მეტი კომპეტენცია რომ ჰქონოდა, ცხელ გულზე ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
შეიძლება ეს ემოციურ მდგომარეობას ან იმედგაცრუებას დავაბრალოთ, რაც იმ მომენტში ბევრს ჰქონდა, მათ შორის, მაგალითად, გიორგი კახიანსაც, რომელმაც ეს დღეს დაადასტურა. მე არ მქონია ასეთი იმედგაცრუება, რადგან ნულოვანი ბარიერით სრულად პროპორციული არჩევნები არ მომწონდა. ვისაც ამ სისტემაზე გადასვლა უნდოდა, რა თქმა უნდა, მათ ეს იმედგაცრუება ჰქონდათ და ამის გამო მათ ვერავინ უსაყვედურებს, მაგრამ ამის გამო იმ გუნდიდან წასვლა, რომლის შენებაშიც შენი წვლილი გაქვს შეტანილი, ეს პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობას უკავშირდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.