„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ საერთაშორისო ბერკეტებით, მაქსიმალური უზრუნველვყოთ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება და ამან შედეგი უნდა გამოიღოს. არ მგონია, რომ ამ ხნის განმავლობაში, ვაჟა გაფრინდაშვილი დარჩეს საპატიმროში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მამუკა მდინარაძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის 1 წლითა და 9 თვით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა და მიღებულ გადაწყვეტილებას არალეგიტიმური უწოდა. პარლამენტის ვიცესპიკერის თქმით, ამ განაჩენით, საოკუპაციო რეჟიმი სჯის ადამიანს, რომელმაც სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია დაიკავა.
„ვაჟა გაფრინდაშვილი არის ოკუპაციის მსხვერპლი და არის ადამიანი, რომელიც ისჯება, ალბათობის ძალიან მაღალი ხარისხით, იმ სიტყვებისთვის, იმ ჩვენებისთვის, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის არალეგიტიმურ სასამართლოს თუ გამოძიებას მისცა, რომ მას არანაირი საზღვარი არ გადაუკვეთია და საზღვარი ქვეყნის შიგნით ვერ იარსებებს. აქედან გამომდინარე, მარტივია დასკვნები. საოკუპაციო რეჟიმი თავისას ცდილობს, რომ ასეთი სიტყვებისთვის დასაჯოს ადამიანი, რომელმაც დაიჭირა სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე – ვაჟა გაფრინდაშვილი არის ოკუპაციის მსხვერპლი
2019/12/20 18:48:32

კომენტარები
ნანახია: 576 ჯერ