შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა ოკუპაციის რეალურ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებს.
“ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა და მისი გათავისუფლების ასეთი გაჭიანურება კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავაგრძელოთ ძალისხმევა. სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად ჩართული არიან შესაბამისი უწყებები, საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა. მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა ძალისხმევა არ გაჩერდება, რათა მაქსიმუმი გავაკეთოთ და გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დროულად დასრულდეს და დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. ბერკეტები გახლავთ როგორც არაფორმალური გზებით ზემოქმედება, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზემოქმედება. ასევე იმ ორგანიზაციების მხრიდან მუდმივი და დაუღალავი მუშაობა, რომლებთანაც გვაქვს 24-საათიანი კავშირი და რომლებიც ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ და მიაღებინონ გადაწყვეტილება გაფრინდაშვილის ცალსახა, უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ყოველგვარი დე ფაქტო გადაწყვეტილებების მიუხედავად“, – განაცხადა ლია გიგაურმა.