საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო – ამ განცხადებით საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმაურება.
„დღეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, ის თავის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად შეხვდება ახალ წელს!
მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც უპრეცედენტო ყურადღება და სიმტკიცე გამოიჩინეს უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლების საკითხზე.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი დაუღალავი ძალისხმევით, დიპლომატიითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მშვიდობიანი გზით გადავჭრით იმ ჰუმანიტარულ პრობლემებს, რასაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა აწყდება“, – წერია მინისტრის Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.