პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინს ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარება სთხოვა. პრეზიდენტის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოდან ისრაელში არალეგალური ნაკადის შემცირებას.
ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი პრაქტიკულად მზად არის, თუმცა მის ხელმოწერას საპარლამენტო არჩევნების პროცესმა შეუშალა ხელი:
„ეს ხელშეკრულების გაფორმება დაეხმარება ასევე ისრაელს საზღვარზე, აეროპორტებში შექმნილი ვითარების დარეგულირებაში. ბოლო წლებში ხშირია შემთხვევები, როცა ხდება საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია. საქართველოსთან „ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმება კი, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნიდან არალეგალური ნაკადის შემცირებას და საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ლეგალურად დასაქმდნენ ისრაელში,“ – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტისგან აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესის დაჩქარებაზე თანხმობა მიიღო.