ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც პარლამენტმა მიიღო ეს დოკუმენტი, როგორც დადგენილება, ეს არის საჯარო დოკუმენტი და მისი მითითება ყოველგვარი სქოლიოს გარეშე შესაძლებელია.
,,რაც შეეხება იყო თუ არა პლაგიატი, აქ საუბარი ნამდვილად პარლამენტის დადგენილებაზეა და დიახ, მე გახლდით ის ადამიანი, რომელიც იყო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ამ დროს, დაწყებული 2001 წლიდან სხვადასხვა მიმართულებებს ამუშავებდა. 2002 წელს საქართველოს პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც გააგრძელა ეს მუშაობა და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს ინტელექტუალურ საკუთრებაზე , ეს უნდა იყოს ინტერფრაქციული ჯგუფი და არა ექსპერტები, ვინც ვამუშავებდით წინაპირობას იმისა, რომ პარლამენტს მიეღო დადგენილება. იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც პარლამენტმა მიიღო ეს დოკუმენტი, როგორც დადგენილება, ეს არის საჯარო დოკუმენტი და ერთადერთი რამ, რაც კარგად რეგულირდება ჩვენი კანონმდებლობით არის ის, რომ მისი მითითება ყოველგვარი სქოლიოს გარეშე, შესაძლებელია, თუმცაღა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის კოლექტიური შრომა და ამის შესახებ მითითება არსებობს. მართალია, არა იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს სქოლიოში, არამედ სხვა ადგილას. მეორე საკითხია, ვისი საკუთრებაა. პლაგიატი დაკავშირებულია კიდევ ერთ თემასთან, ეს არის ინტელექტუალური საკუთრების მითვისების მცდელობა. ვინ არის ის მხარე, ვინც ამბობს რომ ჩემი ეს ინტელექტუალური საკუთრება მიითვისა შარვაშიძემ ამ პერიოდში? ეს არის სამართლებრივი დავა, სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და აუცილებელია, რომ ასეთი საკითხები განვიხილოთ არა სოციალური ქსელების მეშვეობით, ეს არის ის თემა, რომელიც უნდა განვიხილოთ აკადემიურ სფეროში და მას აქვს თავისი განხილვის ეტაპები და პრინციპები”,– განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, რექტორის თქმით, ექსპერტებმა ნახეს ეს ნაშრომი და დასკვნაც გააკეთეს, რომ აქ პლაგიატი არ არის.
,,გაუთავებლად შეიძლება ციფრებით ჟონგლიორობა, თუმცა ციფრების მიღმა უნდა დავინახოთ ის შინაარსი, რომელიც დევს ამა თუ იმ სამეცნიერო ნაშრომში. რაც შეეხება იმას, გასაგებია რატომ დაიწყო საუბარი მაინცდამაინც ახლა – ახლოვდება რექტორის არჩევნები , თუმცა არის სხვა თემებიც, რომლებიც მანამდე დაიწყო. პირველი, რაც გავიგეთ , ეს იყო 2018 წელს, თითქოს დისერტაცია საერთოდ არ მქონდა დაცული. შემდეგი იყო, რომ დისერტაცია კი დაიცვა, მაგრამ თვითონ ეს დიპლომი იყო ყალბი. ამისთვის მივმართეთ ხარისხის ცენტრს და რომლის დასკვნით, ეს არის ნამდვილად დაცული დისერტაცია და ვალიდურია. შემდგომ ამისა საუბარი იყო, რომ არ არის ავტორები მოხსენიებული. ყველა ავტორი ვინც მუშობაში მიიღო მონაწილეობა რა თქმა უნდა დისერტაციის ტექსტში ჩამოთვლილია და ასევე ავტორეფერატში, რომელიც არის დისერტაციის ნაწილი. შემდეგ იყო საუბარი იმაზე, რომ ვერ გავიგეთ თუ დისერტაციის რომელ ვერსიაზეა საუბარი. ჩვენი დასკვნით, ეს არის 2003 წლის ხელნაწერის უფლებით დისერტაცია, რომელიც ინახება საჯარო ბიბლიოთეკაში და ალბათ მასზე არის რეფერირება ჩვენი ოპონენტების მიერ, თუმცაღა თავად დისერტაცია დავიცავი 2005 წელს და არა 2003 წელს და ესეც საგულისხმო ამბავია. კიდევ ერთი რამ, ეს დისერტაცია შედგება ორი ნაწილისგან- ერთი არის აღწერითი ნაწილი, სადაც საუბარია სტრუქტურულ რეფორმებზე ანუ ძირითად მიმართულებებზე საქართველოს განათლების სისტემაში და მეორე ნაწილი ეხება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს და ამ სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციებს. ამ შემთხვევაში, პირველი რაზეც ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვუარყობთ იმას, რომ დადგენილების ტექსტი არის მოყვანილი. მეორე რასაც ვამბობთ, რომ დანარჩენი ნაწილი ეს მანამდე გამოქვეყნებული წიგნია, რომელსაც ეყრდნობა ეს დისერტაცია და ეს არის იუნესკოს მიერ გამოცემული ჩემი წიგნი, სადაც ასევე დიდი მადლობა გადავუხადე ყველას, ვინც მონაწილეა ამ საქმიანობაში, ჩამოთვლილია ყველა და რაც მთავარია თავად დადგენილების ტექსტში არის რეფერირება ჩემს მომავალ ნაშრომზე”,- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.