ყველამ უნდა გაიგოს, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში, რომ ამ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების უკან იდგა და დგას საქართველოს „მთავარი“ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ Facebook-ზე სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი წერს.
„ვანო, გილოცავ!!! იცოდე, შენს მიერ დაღვრილი სისხლი, რომელიც შენი ქვეყნის და შენი ოჯახის გადასარჩენად დაღვარე, არ ყოფილა ტყუილად დაღვრილი, სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა, გმირო. შეხვედრამდე ძმობილო!
სისხლის სამართლის საქმეები შეწყდა სუსის თანამშრომელების მხრიდან დანაშაულის არარსებობის გამო და ასევე ტერორიზმში ეჭვმიტანილის გარდაცვალების გამო. ასევე გრძელდება სისხლის სამართლის საქმე ტერორისტულ აქტებსა, თუ ტერორისტულ დანაშაულში სხვა პირების შესაძლო მონაწილეობაზე.
ქვეყანას ავარიდეთ საშინელი სისხლიანი ტერორისტული აქტების სერია, განადგურდა მსოფლიოში საშიში ტერორისტები და ვინც გადაურჩა სიკვდილს, ისინი ვერ გადაურჩნენ მართლმსაჯულებას, ასე იმარჯვებს სიმართლე! წინაა სტრასბურგი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ იქაც იზეიმებს სიმართლე, რადგან ტერორისტი მსოფლიოს პრობლემაა და არა მარტო საქართველოსი, სიმართლე კი ერთია!
ახლა კი და დადგა დუმილის დარღვევის დროც, მე ვიწყებ ამ საქმის შესახებ ყველა არსებული მტკიცებულების და ფაქტების თარგმნას და მომზადებას ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორებისთვის გასაგზავნად და პირადად გადასაცემად, ვაშინგტონიდან დაწყებული ბრიუსელით და სტრასბურგით დამთავრებული. ყველამ უნდა გაიგოს, როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში, რომ ამ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების უკან იდგა და დგას საქართველოს „მთავარი“ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ჩემი ახლანდელი მთავარი მიზანი, რომ ყველას დავანახო,რა დგას სინამდვილეში ამ პოლიტიკური პარტიის პოლიტმიზნების მიღწევის უკან და რა მეთოდებით ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამას მე ყველას დავუგზავნი და გავაგებინებ. ასევე იგეგმება საერთაშორისო უსაფრთხოების, ანტიტერორისტული კონფერენციებს მოწყობა, უცხოელ ანალოტიკოსებთან ერთად, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე ევროპასა და ამერიკაში, სადაც გავაკეთებ პრეზენტაციებს და დავდებ ფაქტებს „ნაციონალური მოძრაობის“ და ISIS-ის წევრი ტერორისტების ალიანსზე.
თქვენ აგზავნით ცრუ რეპორტებს და მაგარი გგონიათ თავები, ახლა ნახავთ გოგაშვილს რა შეუძლია და რეპორტები როგორი უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად და არა დასაღუპად… ამას მალე გაგრძნობინებთ, თქვე წურბელებო.
PS ასევე მივმართავ იმ რეპორტიორებს და ჟურნალისტებს, ვისაც პრეტენზია გაქვთ, რომ ხართ პროფესიონალები და გაქვთ გამოცდილება ჟურნალისტური გამოძიების წარმართვაში, ასევე ხართ პატრიოტები. გთავაზობთ, ჟურნალისტურ გამოძიებას ამ საქმის შესახებ, სადაც საქართველოს მოსახლეობას და ასევე ჩვენს უცხოელ მეგობრებს, ნათლად ვაჩვენებთ, რა მოხდა, როგორ მოხდა და ვინ დგას ამის უკან. ვიცი თემა რთულია და სარისკოა, მაგრამ საინტერესოცაა, დამერწმუნეთ. მასალები და პროდიუსინგი ჩემზე იყოს. პასუხი, ყველა კითხვაზე იქნება“, – წერს გოგაშვილი.
ცნობისთვის, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ “სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.”
2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი – შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია.
ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.