პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა საარჩევნო ცვლილებებზე ბოლომდე წაიკითხოს და ძირითადი საკითხები გაითავისოს.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შედეგიანი იქნება.
„უცხო არ იყო, რომ ეუთო/ოდირი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებდა იმაზე, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობას საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს და ამის ძიება აუცილებელი არ არის სხვაგან სადმე, მით უმეტეს, არასწორი მისამართით. ის, რომ საარჩევნო სისტემის არჩევანი არის სუვერენული უფლება, ეს უცხო არ არის. აქცენტები ძირითადად ამაზე კეთდება. საინტერესოა ის ნაწილია, რაზეც კონტექსტს ნაკლებად ვისმენ. ეუთოს დასკვნაში მინიშნებულია, რომ საარჩევნო სისტემა უნდა ემსახურებოდეს ორ ძირითად პრინციპს: წარმომადგენლობითობა დაცული უნდა იყოს და ხელი უმრავლესობის ჩამოყალიბებას უნდა შეეწყოს, რაც იქნება იმის გარანტი, რომ მმართველი გუნდი შეძლებს სტაბილურ მართვასა და სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბებას. ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით და ამან განაპირობა ჩვენი პრინციპული პოზიცია. ეს დასკვნა ბოლომდე წაიკითხონ და ძირითადი აქცენტები გაითავისონ. მაშინ, მეხუთე რაუნდი აუცილებლად იქნება შედეგიანი. 100 /50 სრულად ასახავს და ბოლომდე ამოწურავს იმ მითითებებსა და კომპრომისსაც, რაც შესაძლოა, იყოს მიღწეული”, – აცხადებს ხუნდაძე.
მისი თქმით, ოპოზიცია მეტად გონივრული უნდა იყოს.
„ოპოზიციას მოვუწოდებ, საკუთარ და ქვეყნის რეიტინგს გაუფრთხილდნენ. იზრუნონ ქვეყნის სტაბილურობასა და არა პარლამენტში ნებისმიერი გზით სავარძლების მოპოვებაზე. ოპოზიციას მეტი გონიერება უნდა ეყოს. თუ კომპრომისზე არ წავლენ, თეორიულ შანსს დატოვებენ იმის, რომ „ქართული ოცნება“ მოვიდეს საკონსტიტუციო უმრავლესობით და ამის საუკეთესო პირობა არის – 77/73. თუ ოპოზიციას ეშინია, რომ ეს მაჟორიტარები უმრავლესობაში გაიმარჯვებენ, ე.ი. „ქართულ ოცნებას“ ჰქონია მაღალი რეიტინგი. ამ დროს თეორიულ მოლოდინებს დებენ, რომ საზოგადოების უფრო მეტი მხარდაჭერა მათ აქვთ, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. გავზომოთ მათი მხარდაჭერა ქუჩაში. მაქსიმუმ 100 ადამიანია, მუდმივად ერთი და იგივე სახეები, ხან დასავლეთში, ხან აღმოსავლეთში, მათ გვერდით საზოგადოებას ვერ ვხედავ. საზოგადოების მხრიდან მათი მხარდამჭერა პრაქტიკულად ნულია“, – აღნიშნა ხუნდაძემ.