2020 ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.
რეგისტრაცია 30 მარტის 18:00 საათამდე გასტანს.
მონაწილეებს შეეძლებათ რეგისტრაცია ვებ გვერდზე online.naec.ge გაიარონ.
როგორც სოფიო გორგოძემ აღნიშნა, დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება აბიტურიენტების ცნობარი, სადაც ყველა საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ ინფორმაციაა მოცემული.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აბიტურიენტებს მოუწოდა რეგისტრაცია 29 მარტის ჩათვლით გაიარონ. მისივე განმარტებით, რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპიანი იქნება, თუმცა, როგორც გორგოძემ აღნიშნა თუ აბიტურიენტი პირველ ეტაპზე ვერ გაივლის რეგისტრაციას, ის გამოცდებს გამოეთიშება.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეებს ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.