საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი მაქსიმალურად ცდილობს ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიციური სპექტრი.
ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე დიალოგის საკითხზე საუბრისას განუცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია წარსულში უმძიმეს სისტემურ ჩავარდნებზე, დანაშაულებზე და პოლიტიკურ მანიპულაციაზე, მათ შორის არჩევნების გაყალბებაზეც, ცდილობენ ჩაშალონ დიალოგი“.
„მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც აქვს დაბალი მხარდაჭერა და ჰყავს ძალიან მძიმე ბიოგრაფიის ლიდერები, რომლებიც საარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებენ, რადგან ქვეყანაში მხარდაჭერა არ აქვთ, მე პირადად მოველი, რომ ამ კვირაში ისინი ბოლოჯერ გაააქტიურებენ თავის ლობისტურ რესურსებს, თავის კონტაქტებს და მაქსიმალურად ეცდებიან, რომ მიიღონ გარედან ისეთი ტიპის მხარდაჭერა, რომელიც მათ შიდა მოლაპარაკებებში შეიძლება გამოადგეთ ამ მანდატებით ვაჭრობის პროცესში. პირდაპირ გეუბნებით, რასაც ოპოზიციის ეს ერთი კონკრეტული ნაწილი აკეთებს, ერთი მხრივ, არის ხალხის ინტერესებით და ხალხის ხმებით ვაჭრობა, მანდატებით ვაჭრობა, მეორე მხრივ, ზუსტად ეს პოლიტიკური ჯგუფი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი მაქსიმალურად ცდილობს ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიციური სპექტრი. მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ოპოზიციაში არიან პასუხისმგებლიანი და გონიერი ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ხედავენ და ეს მოლაპარაკებების პროცესში ჩანს. გაკეთდა საჯარო განცხადებებიც, სადაც ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა. მეც გიდასტურებთ, რომ ახლა შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ დაწესდეს 40%-იანი ბარიერი და არც ერთ პოლიტიკურ ძალას ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში არ ჰქონდეს საშუალება მთავრობა დააკომპლექტოს, თალაკვაძე ამბობს, რომ ეს კანონმდებლობაში ჩაიწერება.
„რაც შეეხება მანდატების რაოდენობას, ეს შესაძლოა, თქვენთვის იყოს სიახლე, მაგრამ ოპოზიციისთვის ეს სიახლე არ არის, ვინაიდან ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია მათთან მოლაპარაკებები გვაქვს. ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა ძირითად საკითხზე ხელისუფლების მხრიდან არსებობს სამართლიანი პირობები და სამართლიანი პასუხები, მათ შორის ვნახეთ მათი უკან დახევა ბოლო სამი დღის განმავლობაში, მაშინ, როდესაც მთელი კვირა ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდნენ. არც კი გვიფიქრია, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით უნდა მიგვეღო ხელისუფლების დაკომპლექტების საშუალება, ამიტომ ესეც კანონში იქნება ასახული ისე, რომ ეს წუხილიც მათ მოხსნილი აქვთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.