ქაბულში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოთხი აფეთქება მოხდა. ავღანეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ისმის სროლის ხმა.
უცნობია, რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ბოლო აფეთქებას. მანამდე ორი აფეთქება ქაბულში თავდაცვის სამინისტროს შენობასთან მოხდა. პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად ამოქმედდა. შემდეგ კი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. დაღუპულია 24 და დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. მსხვერპლთა შორის გენერალი და პოლიციის ოფიცერია.
რამდენიმე საათის შემდეგ ქაბულის ცენტრში, საქველმოქმედო ორგანიზაცია Care-ის ოფისთან მესამე აფეთქება მოხდა, რასაც პოლიციასა და თავდამსხმელებს შორის ორმხრივი სროლა მოჰყვა.
“ფრანს პრესის” ცნობით, ორმა თავდასხმელმა საქველმოქმედო ორგანიზაციის შენობაში შეძლო შეღწევა. შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ერთი და დაჭრეს ექვსი ადამიანი.