ვინმე თუ ფიქრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ელოდა სანქციებს, ან ძალიან გულუბრყვილოა, ან პირიქით, ბიძინა ივანიშვილი ჰგონია გულუბრყვილო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც სამშობლოზე მაღლა რაიმეს დააყენებს.
„ რა თქმა უნდა, სანქციების თავიდან არიდება ძალიან მარტივად შეიძლებოდა, უბრალოდ, საფასური იქნებოდა ქვეყნის სუვერენიტეტთან დაკავშირებით უკან დახევა, რის შედეგადაც ჩვენს სამშობლოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ ქვეყნის გარეთ და არა შიგნით. ასევე ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი მთავარი პრობლემა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ავიცილეთ თავიდან, მაგრამ ჯერ კიდევ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჩვენი ქვეყნის და ხალხის თავზე, ეს არის ომში ჩართვის საშიშროება. შესაბამისად, საკითხი აქ ასე დგას, შეიძლება, თუ არა სამშობლოს სიყვარული გაიცვალოს რამეზე? რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც სამშობლოზე მაღლა რაიმეს დააყენებს. ასე რომ, ეს სანქციები არაფერს ცვლის. დე ფაქტო სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ ისედაც არსებობდა. ამერიკის საელჩო საქართველოში გვეუბნებოდა, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ეს credit Suisse-ს და კერძო პირის დავააო. მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესები მოიგო ბიძინა ივანიშვილმა და დაინახეს, რომ საქმე ვეღარ გაიწელებოდა, რეალურად აამოქმედეს სანქციები. ესაა რეალობაა, თუმცა ეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს ხელს ვერ შეუშლის, აკეთოს ის საქმეები, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.
მთავარი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გააკეთა, არის ის, რომ საქართველოს ავარიდეთ ომი, ნგრევა, განადგურება, გენოციდი. ანუ საქართველოს ავარიდეთ ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში. ზელენსკის მადლობას უხდიან იმისთვის, რომ დღეს უკრაინა ნადგურდება, გმირად ჰყავთ გამოცხადებული. ბიძინა ივანიშვილს კი ასანქცირებენ იმის გამო, რომ საქართველოს ეს კატასტროფა ააცილა თავიდან. ცხადია, ამ შემთხვევაში ზელენსკის ბედი ნაკლებად სანატრელია. ბიძინა ივანიშვილს ისტორიას შეაფასებს, როგორც ქვეყნის გადამრჩენელს და გმირს, ვლადიმერ ზელენსკის კი სწორედ უკრაინელი ხალხი გაასამართლებს, როგორც მოღალატეს და ქვეყნის მტერს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.