უიმედოდ არ უნდა ვიყოთ, ამაზე ბევრად რთული და დიდი გასაჭირი გადაუტანია ჩვენს ქვეყანას და სანამ ჯანმრთელები ვართ და ჩვენი ოჯახები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან და ჩვენი საზოგადოება დაცულია, ჩვენ უნდა გვქონდეს ოპტიმიზმი და იმედი, რომ როგორც კი ეს პანდემია დასრულდება და შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობა გვექნება, ძალიან აქტიურად დავიწყებთ ჩვენი ეკონომიკის აღდგენას, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის„ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მესმის, რომ ზოგიერთ სექტორს აღსადგენად შეიძლება თვეები, წელიც კი დასჭირდეს, თუმცა ჩვენ იმისთვის ვართ, რომ მოვემზადოთ, დავფიქრდეთ, მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა უნდა შევცვალოთ და სად უნდა მივმართოთ კონკრეტული ფინანსური დახმარება. ახლა უმთავრესი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვაა, ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. მნიშვნელოვანია პრიორიტეტი ასევ არის ეკონომიკის სტაბილიზაცია, რომ ყველა ოჯახს ჰქონდეს საარსებო რესურსი და ჩვენი ეკონომიკა ამ სიტუაციიდან მინიმალური ზიანით გამოვიდეს. რომ არა ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა, მოთმინება და იმ რეკომენდაციების გაზიარება, რომელიც გაცემულია, შესაძლოა ჩვენ დღეს არ ვყოფილიყავით ასეთ ვითარებაში, როგორშიც ახლა ვართ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.