ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ მოსახლეობასთან ფეისბუქ-ლაივი გამართა, სადაც საქართველოში Covid19-ის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შესახებ ისაუბრა.
პარლამენტის წევრმა ყურადღება გაამხვილა უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე და ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის დეტალებზე, ზუგდიდში და სამეგრელოს რეგიონში არსებულ სიტუაციაზე.
„ვინაიდან გადასული ვართ მუშაობის დისტანციურ რეჟიმში, მეტი კომუნიკაციისთვის და მოქალაქეებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის ლაივ ურთიერთობებს სისტემატიური სახე ექნება“-განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
მაჟორიტარმა დეპუტატმა, ასევე უპასუხა მოსახლეობის კითხვებს, რომელიც ლაივის მიმდინარეობისას დაფიქსირდა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა ასევე, ფეისბუქ-ლაივის მიმდინარეობისას მთავრობის მიერ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა შეაფასა.
„პრემიერმა გიორგი გახარიამ როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური მიმართულებით, ყველა თვალსაზრისით ადეკვატური, კარგად გააზრებული და მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული გეგმა წარმოადგინა. ეს არ არის გამდიდრებისა და კარგი ცხოვრებით გამოწვეული გეგმა, არამედ დღეს ეს არის გადარჩენის და ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნების ერთადერთი სწორი გზა და პროგრამა. ოპოზიცია ამ გეგმის წარდგენით თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა, ხელისუფლებამ მათ ჯანსაღი კრიტიკისთვის სივრცე აღარ დაუტოვა“, – განაცხადა ქვარაიამ.