ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თუ პარტიები მაჟორიტარების საკითხზე ვერ თანხმდებიან და ამის გამო ჩაიშალა ერთობა, ამომრჩეველს უფლება აქვს, ეს იცოდეს.
„კონკრეტულად ასეთი ცალსახა განცხადება „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომ ამ ფორმით მივდივართ, საჯაროდ ნამდვილად არ მომისმენია, თუმცა მოვისმინე ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც დღევანდელ რეალობაში უფრო აფილირებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მე მაინტერესებს, თუ დგება შეთანხმება, კარგია, თუ არ დგება, ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ მაინც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, შეთანხმდება ვის გამო არ შედგა და რატომ.
თუ ვერ ვთანხმდებით მაგალითად იმაზე, ხობში ვინ უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ხალხმა იცოდეს, რომ ხობში მაჟორიტარზე ვერ შეთანხმდა ეს „ფილარმონია ხალხი“, ვინც „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბება და ამის გამო ჩაიშალა ერთობა. ჩემი ამომრჩეველი ამ კითხვებს სვამს და უფლება აქვს, იცოდეს. თუ ჩენ მართლა გვჯერა, რომ პროპორციული სისტემა არის სწორი და მთავრობამ დათმო 120-30-ზე, ეს ოცდაათიც უნდა გადავათამაშოთ პროპორციული სისტემით, ბოლო კვლევების ან ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით. მინიმუმ ეს არის გასაკეთებელი და სწორი. ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, დიდმა პარტიება დათმონ, თუ გამარჯვება უნდათ, სხვა შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ განმეორდეს ის, რაც მოხდა სალომე ზურაბიშვილის არჩევნების დროს, რომ გაიყოს, აქეთ იყვნენ „ნაცები“ და იქით „ქოცები“ და კამპანია ჩაატარონ სისხლიან ხალხზე და ტერორზე, ამის ალბათობა მაღალია. შესაბამისად, რაც ნაკლები იქნება დიდი პარტიებიდან ეგეთი კანდიდატები, თუნდაც მეორე ტურში, მით მეტია გამარჯვების შანსი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.