“კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მეცნიერებმა ახალი ფაქტი აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, რომ “ვლინდება მტკიცებულებები” ახალი კორონავირუსის ჰაერიდან ანუ აეროზოლურ გავრცელებაზე. კვირის დასაწყისში მეცნიერთა ჯგუფმა ორგანიზაციას ღია წერილი გაუგზავნა და რეკომენდაციების განახლების თხოვნით მიმართა, რის შესახებაც ისაუბრა მარია ვან კარხოვმა, რომელიც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჯანმოს ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ჯანმოს სენსაციური აღიარება: “ვლინდება მტკიცებულებები,” რომ კორონავირუსის ჰაერიდან გადადება შესაძლებელია / ამირან გამყრელიძე: “მას აქვს ასევე ე.წ. პოლიორგანული ტროპიზმი, ანუ სხვადასხვა ორგანოს აზიანებს.
“გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაცია აქამდე აცხადებდა, რომ კოვიდ-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი, ძირითადად, აირწვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადების გადადება დაინფიცირებული ადამიანის მიერ დახველების, დაცემინების ან საუბრის დროს გამოყოფილი მცირე ზომის წვეთებით ხდებოდა, რომლებიც შედარებით მძიმეა და ძირს სწრაფად ვარდება. ორშაბათს კლინიკური ინფექციური დაავადებების ჟურნალში გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომელსაც 32 ქვეყნიდან 239 მეცნიერი აწერდა ხელს, წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ ვირუსს ჰაერში მეტი ხნით დარჩენა და ადამიანების დაინფიცირება შეუძლია. ჯანმო კი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები ვლინდება, ვირუსის ჰაერიდან გადადება ბოლომდე დადასტურებული არ არის. თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რისკის გადაფასება მოახდინა, აქამდე გამოცემული ზოგიერთი რეკომენდაცია შესაცვლელი იქნება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ფიზიკური დისტანციის 2 მეტრიანი მანძილის გადახედვა იქნება. ჯანმოს მიერ რეკომენდაციის შეცვლის შემთხვევაში, ქვეყნებს, რომლებიც ორგანიზაციის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, საკუთარი პროტოკოლების შეცვლაც მოუწევთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ კორონავირუსი გარდა სასუნთქი გზებისა, ადამიანის სხვადასხვა ორგანოებსაც აზიანებს და ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების ჯანმრთელობის ხანგრძლივი მონიტორინგის პროგრამაზე”, – განაგრძობს გამოცემა.
“დიახ, გამოჩნდა რიგი კვლევები, სადაც უკვე დადასტურებულია, რომ მას აქვს ასევე ე.წ. პოლიორგანული ტროპიზმი, ანუ ის სხვადასხვა ორგანოებს აზიანებს. მათ შორის სისხლძარღვებს, ტვინის ქსოვილს, გულის კუნთის ქსოვილს და ა.შ. რამდენადაც მე ინფორმაცია მაქვს, მნიშვნელოვანი გართულებები ჩვენთან არ ყოფილა, მაგრამ ერთ-ერთი რეკომენდაციაა და ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რათა შემუშავდეს სპეციალური პროგრამა სწორედ გამოჯანმრთელებული ადამიანების ხანგრძლივი ჯანმრთელობის მონიტორინგის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომელიც მისი აზრით, “ალბათ განხორციელდება”, – დასძენს გამოცემა.