ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ცენტრში დაფიქსირებული გამოძახებისთანავე ეკიპაჟები ორ წუთში გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ.
ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადებაში, რომლითაც უწყება ტრაგედიის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფების დაგვიანების შესახებ ინფორმაციას ეხმიანება.
ამავე განცხადებაში ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სამძიმარს უცხადებს ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს.
„უპირველეს ყოვლისა, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ საქართველოს.
გვინდა, გამოვეხმაეროთ გაჟღერებულ ინფორმაციას აღნიშნულ შემთხვევაზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების დაგვიანების შესახებ.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟები ცენტრში გამოძახების დაფიქსირებისთანავე იქნა მობილიზებული. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოძახება 17:13 საათზე დაფიქსირდა, რის შემდგომაც ეკიპაჟები ზუსტად ორ წუთში, 17:15 საათზე გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ.
სამწუხაროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ადგილზე დახვდა პაციენტები, რომლებსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდათ. ეკიპაჟებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამი მძიმედ დაშავებულის სამედიცინო ტრანსპორტირება და ისინი თბილისში, შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მუდმივად უზრუნველყოფს ქვეყანაში მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის დროულ მიწოდებას.
„აქვე, გვინდა, გამოვეხმაუროთ მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების ხელმისაწვდომობის საკითხს და აღვნიშნოთ, რომ ეკიპაჟები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაწილებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით. შესაბამისად, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სამედიცინო ეკიპაჟების განაწილება შეესაბამება გამოძახებათა რაოდენობას და არის საკმარისი.
რაც შეეხება საკურორტო სეზონებს, ცენტრი, გამოძახების მატებასთან ერთად, პერმანენტულად ათავსებს დამატებით ეკიპაჟებს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის საკურორტო ზონებზე.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მუდმივად უზრუნველყოფს ქვეყანაში მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის დროულ მიწოდებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.