23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას არ გამორიცხავს, რომ მასზე პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრას.
ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას მისი ჩამოშორება სურს და ამისთვის შესაძლოა პრორუსი ექსპერტი დავით ფურცხვანიძე გამოიყენონ.
„ადამიანს ვუთხარი იყო თუ არა პასუხისმგებელი თავის თავზე, ასაკოვანი კაცია, ნუ ახლა პატარა ასაკის ბავშვი არ არის. მან მითხრა, რომ ყველაფერზე თვითონ აგებდა პასუხს კანონის წინაშე და დანარჩენი მისი ნება იყო მე რა უნდა მექნა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არა ერთი მუქარა, გზავნილი იყო, იგივე თვალთვალი ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე. თითქოს და მე ხელს ვუშლი გამოძიებას, თითქოს და მე ვაყალბებ მტკიცებულებებს, თითქოს და არანაირ ინტერესს არ ვითვალისწინებ გამოძიებისას, თითქოს ყველაფერ აპოლიტიკურს მე ვაკეთებ და ვაპოლიტიზირებ.
ყველაფრის გაყალბებას მე მაბრალებენ, ამ ადამიანს სატელიტის კადრები და მე გავაყალბებინე. არ გამოვრიცხავ ამას და მერე შესაძლოა ჩემზე სისხლის სამართლის საქმე აღძრან, როგორც მტკიცებულებების გამყალბებელი. ყველანაირი მეთოდით შესაძლოა იმოქმედონ, რადგან ვარ ადვოკატი დაზარალებულის და არა ბრალდებულის“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
გარდა ამისა, რამიშვილი მუქარაზე და მისი ოჯახის წევრების მიმართ თალთვალზე საუბრობს და აღნიშნულს გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის საქმეს უკავშირებს.
„ამას წინათ ჩემი გოგო მცხეთაში მიდიოდა და თბილისიდან გაჰყვა დაბურულშუშებიანი „შკოდა“, გვერდით მიჰყვებოდა მოტოციკლი, ჩაჰყვნენ და ჩამოჰყვნენ. ეს განმეორდა რამდენჯერმე. არ ვაპირებ ამასთან დაკავშირებით არც პროკურატურისთვის მიმართვას და არც პირადი დაცვის მოთხოვნას, მე თვითონ დავიცავ ჩემს ოჯახს“, – ამბობს რამიშვილი.
წყარო: პრაიმტაიმი