ნატოს ევროპელი ლიდერებისთვის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკული განცხადებები ალიანსის მისამართით ანკარაში გამართულ სამიტზე მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მისი თბილი გზავნილები უკრაინის მიმართ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის შეფასებით, ტრამპის მოულოდნელი შემობრუნება, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ღია კრიტიკიდან უკრაინისთვის ამერიკული იარაღის წარმოების შესაძლებლობის მხარდაჭერამდე, ნატოს სამიტის ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო.
Financial Times-ი წერს, რომ ზოგიერთ ეპიზოდში სამიტი იმდენად უჩვეულო მიმართულებით ვითარდებოდა, რომ თითქმის აბსურდულიც კი ჩანდა.
ტრამპის ახალი რიტორიკის ფონზე ევროპელი მოკავშირეები ფრთხილ ოპტიმიზმს გამოხატავენ და მიიჩნევენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, შესაძლოა, კიევის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება განახორციელა.
„საქმე საკმაოდ მარტივია. ტრამპს გამარჯვებულები მოსწონს. ბოლო პერიოდში კი უკრაინა გამარჯვებას იწყებს“, – განუცხადა გამოცემას ნატოს ერთ-ერთმა დიპლომატმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპელი ლიდერებისთვის ტრამპის მუქარები – ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ, მოკავშირეების ტერიტორიების მიმართ მისი პრეტენზიები, უკმაყოფილება თავდაცვის არასაკმარისი დაფინანსების გამო და კრიტიკა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც ირანზე თავდასხმისთვის ამერიკულ სამხედრო ავიაციას საკუთარი ბაზებისა და საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცეს – უკვე კარგად ნაცნობი თემებია. ევროპელებმა ისწავლეს, ასეთ განცხადებებს განსაკუთრებული ყურადღება აღარ მიაქციონ.
