თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები პროკურატურაში საქმის მასალების გაცნობას განაგრძობენ. საგამოძიებო უწყებიდან გამოსული უფლებადამცველების თქმით, მათ ნახეს გარდაცვლილი პროგრამისტისა და მისი ახლო მეგობრის, დეა კაპანაძის მიმოწერა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თამარს თავი არ მოუკლავს. მიხეილ რამიშვილი გამოძიებისგან მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით კომპლექსურ ექსპერტიზას მოითხოვს.
“უნდა ჩატარდეს ეს კომისიურ-კომპლექსური ექსპერტიზა, ეს სავალდებულოა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველანაირ კითხვას პასუხი გაეცემა და ამით ყველანაირად დადასტურდება, რომ არანაირად თვითმკვლელობას არა აქვს ადგილი და ის მდგომარეობა, რისთვისაც ისწრაფვის გამოძიება, რომ თითქოს და მას დეპრესიული მდგომარეობა ჰქონდა და აქ არის თვითმკვლელობაზე საუბარი ყველაფერს ნათელი მოეფინა,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მტკიცებით, მიმოწერაში ნათლად ჩანს, რომ გოგონას დეპრესია არ აქვს.
“თითქმის ყველა ჩვენებაში რამდენჯერმე გამოძიებაში დაკითხული ცალსახად აღნიშნავს, რომ თამარი იყო დეპრესიული ადამიანი, თუმცა იმ საუბრებში ნამდვილად ვერაფერს ვერ ნახავთ, რომ თამარის ჰქონდა რაიმე სახის დეპრესია, ან მეგობარს უზიარებდა ამ დეპრესიას – პირიქით, თამარი ცდილობდა ამ საუბრებში დეას დაწყნარებას. ასევე გავეცანი თამარის მეზობლების ჩვენებებს, რომლებიც ასახელებენ, რომ იყო ხალისიანი, თავაზიანი და მშვიდი ადამიანი,” – აცხადებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი.