საჩივრის კვალიფიციურად წარმოებისთვის, წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, იუსტიციის მინისტრის მოხსენების მოსმენისას.
„ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, თუ რა მოხდა 2021 წლის 21 იანვარს: ჩვენ პირველად შევიძინეთ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც საფუძველს უმყარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, საქართველო, რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულ ამ დავას პირწმინდად წააგებდა, რადგან მტკიცებულებების 90% და მეტი სწორედ 2013-დან 2018 წლის ჩათვლით მოგროვდა. შემიძლია, ღიად ვთქვა, რომ ამით საბოლოოდ დავანგრიეთ რუსული ნარატივი“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
2000 – 2010 წლებში თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უფროსი იურისტი იყო.
ერთ საათზე მეტია, კანონმდებლები იუსტიციის მინისტრს უსმენენ. გოჩა ლორთქიფანიძე დამტკიცების შემდეგ, დეპუტატებს ანგარიშს პირველად წარუდგენს. მოხსენება ძირითადად 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება. მინისტრი საუბრობს, თუ რა სამუშაოები გასწია მთავრობამ გამარჯვების მისაღწევად.