საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონში გუბერნატორების მოვალეობის შემსრულებლები კი გუბერნატორები გახდნენ.
დღეიდან ახალი გუბერნატორები ეყოლება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს.
მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს; შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება; ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას დავით ნოზაძე დაიკავებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში გუბერნატორებად დაინიშნენ ისინი, ვინც აქამდე მათ მოვალეობას ასრულებდნენ. კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთში – მალხაზ თორია; კახეთში – ირაკლი შიოშვილი.
სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობებზე რჩებიან ქვემო ქართლში – შოთა რეხვიაშვილი; სამცხე-ჯავახეთში – ბესიკ ამირანაშვილი , ხოლო იმერეთში – ზვიად შალამბერიძე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს. სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონსტანტინე ანანიაშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.