ევროკავშირის ანგარიში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს სხვადასხვა სფეროში.
პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ფისკალური გამოწვევების მიუხედავად, ევროკავშირის ანგარიში აღიარებს, რომ საქართველომ შეინარჩუნა წარმატებული პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის მსოფლიო ბანკის თანახმად, ბიზნესგარემოს მხრივ, ქვეყანა მე-7 ადგილს იკავებს 190 ქვეყანას შორის და ბიზნესის დაწყების სიმარტივის მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად შემცირებული ვაჭრობისა, ევროკავშირი როგორც ერთიანი სავაჭრო ბლოკი, რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად.
ანგარიში მიესალმება ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის სახეობების გაფართოებას, კერძოდ ხაზგასმულია, რომ ევროკომისიამ 2020 წლის შემოდგომაზე ბაზარზე დაუშვა საქართველოში წარმოებული ცხოველის საკვები და მიმდინარეობს მუშაობა აკვაკულტურის აღიარებაზე.
ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის ღონისძიებები და ინიციატივები, განსაკუთრებით – კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში.
ანგარიშში ასევე შეფასებულია შრომითი უფლებების გაძლიერება – შრომის კოდექსში განხორციელდა არსებითი ცვლილებები, რომელიც დასაქმებულის დაცვის მთელ რიგ მექანიზმებს ამკვიდრებს და ასევე იცავს დისკრიმინაციისგან. გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა შრომის ინსპექციის სამსახურის შესახებ კანონში, რითაც სამსახურს გაუფართოვდა უფლებამოსილება და მიენიჭა მეტი დამოუკიდებლობა; უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დაცვა – ანგარიში აღიარებს ქვეყნის ძალისხმევას უვიზო რეჟიმის მოთხოვნების შესრულების კუთხით, რასაც ადასტურებს ასევე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შესაბამისი რიგით მესამე (VLAP) ანგარიში; ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ კოდექსი შევიდა ძალაში და ქმედითია, რომელიც ქმნის მნიშვნელოვან გარანტიებს ბავშვის უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად; გადაიდგა შემდგომი ნაბიჯები საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში ევროპული სტანდარტების შესაბამისი საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის წარმოების საფუძველს ქმნის.
ანგარიში ასევე დადებითად აფასებს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების დინამიკას და ხაზს უსვამს ისეთ საკანონმდებლო ნაბიჯებს, როგორიცაა ცვლილებები კონკურენციის შესახებ კანონში, სახელმწიფო შესყიდვებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კანონმდებლობაში; ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის სისტემას აყალიბებს; ენერგოეფეტურობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის გატარებას შეუწყობს ხელს და სხვა.
ანგარიში დადებითად აფასებს ქვეყნის მონაწილეობას ევროკავშირის ისეთ პროგრამებში, როგორიცაა ერასმუს+, შემოქმედებითი ევროპა და ჰორიზონტი 2020; ასევე მიესალმება ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობას ევროკავშირის სააგენტოებთან: Frontex, Europol და Eurojust.