უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის კრიტიკას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც კრიტიკითვე პასუხობს და მას “კორუმპირებულად”, “სამარცხვინოდ” მოიხსენიებს. სააკაშვილის მტკიცებით, დოლგოვი უკრაინის ექსპრეზიდენტმა, პოროშენკომ ერთადერთ მიზნით “მის წინააღმდეგ” საბრძოლველად დანიშნა. მისივე თქმით, დოლგოვი აზიანებს უკრაინისა და საქართველოს იმიჯს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
სააკაშვილი ელჩს ადანაშაულებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე უკრაინელი დამკვირვებლების ჩამოსვლის ხელისშეშლაში. მისი მტკიცებით, ელჩი ამაზე პოროშენკოს ჯგუფთან ერთად მუშაობდა.
ასევე, ექსპრეზიდენტი ელჩს საქართველოში დაკავებული უკრაინის მოქალაქეების საქმეზე უმოქმედობაშიც სდებს ბრალს და წერს: “ამის ფონზე ის ბედავს და მსგავს განცხადებებს აკეთებს”.
“დღეს ის აგრესიული რიტორიკით დამესხა თავს იმის გამო, რომ ვიბრძვი ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის. თურმე, ეს აზიანებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს. […]
დოლგოვი მადანაშაულებს იმაში, რომ მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს პროტესტის გამოხატვისა და “უკანონო” დემონსტრაციებისკენ. და ეს ელჩი წარმოადგენს ქვეყანას, რომელმაც გადაიტანა 2 მაიდანი, რომელზეც უკრაინელმა ხალხმა გამოხატა თავისი პროტესტი გაყალბებულ არჩევნებზე?! ის ჩვეულებრივი საბჭოთა შემსრულებელია, რომელიც როგორღაც შეძვრა და პოსტმაიდანურ უკრაინელ მოხელეებში მოხვდა”, — აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით, ელჩი უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და მიაღწევს იმას, რომ “ასეთი ელჩები არც საქართველოს ჰყავდეს და არც უკრანას”.
სააკაშვილი არამხოლოდ დოლგოვს, არამედ სხვა უკრაინელ დიპლომატებსაც ადანაშაულებს კორუმპირებულ ქმედებებში და აცხადებს, რომ ეს ხელს უწყობს მსოფლიოში უკრაინის პოზიციების შესუსტებას.