„ევროპული საქართველოს“ წესდების მიხედვით, ვალდებულება გვაქვს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავხედოთ როგორც სტრუქტურულ წყობას, ისე პოლიტიკური საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა.
„ეს პირდაპირ წერია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მოხდება გადახედვა, ვინ იქნება პოლიტსაბჭოში და ვინ არ იქნება. ოღონდ ეს არ არის პერსონალიებთან დაკავშირებული. ეს დაკავშირებულია იმ კონკრეტულ შედეგებთან, რომლებიც დაიდო ამა თუ იმ რაიონში და ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით. ასე იყო ადრეც. ყოველთვის ვადგენთ წესებს, ნებისმიერი არჩვენების დროს და როგორც თვითმმართველობის არჩევნებზე, ასევე საპარლამენტო არჩევნებზეც დავდეთ კონკრეტული წესი. „ევროპული საქართველო“ არის პარტია, რომელიც, პირველ რიგში, თავის წესდებას სცემს პატივს და ამომრჩეველს სცემს პატივს, რადგან, როდესაც ორგანიზაციას აქვს მეტი ნდობა, მის მიმართ დამოკიდებულება სხვანაირი უნდა იყოს. რაიონულ ორგანიზაციებს ვგულისხმობ. როდესაც ნაკლები ნდობაა, დამოკიდებულებაც სხვანაირი უნდა იყოს“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
მისივე თქმით, პარტიიდან წასვლას არავინ აპირებს და პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი.
„რაც შეეხება კონკრეტულ პერსონალიებს და კონკრეტულად, ლიდერების საკითხებს, მინდა, გითხრათ, რომ ჩემი ინფორმაციით, არავინ არსად წასვლას არ აპირებს, რადგან მე ველაპარაკე მათ, კონკრეტულად რა და როგორ, როგორ შეიცვლება, რა ახალი თანამდებობა იქნება ან არ იქნება, რამდენიმე დღეში გვექნება პოლიტსაბჭო და საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი“, – აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა.
რაც შეეხება გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ევროპული საქართვლოს“ ლიდერები გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამან გამოიწვია გიგა ბოკერიასთან მათი დაპირისპირება, რის გამოც შესაძლოა, დავით ბაქრაძემ პარტია დატოვოს. გიგი უგულავა უპასუხოდ ტოვებს კითხვას, შეხვდა თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს.