საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების სემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წასვლას ეხებოდა, რომელზეც ზალკალიანმა განაცხადა, რომ გახარია ღირსეული სახელმწიფო მოხელეა და პოსტის დატოვებას არ აპირებს:
„არავინ არანაირ პოსტს არ ტოვებს. გიორგი გახარია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობას. ის არის ძალიან სერიოზული, ღირსეული სახელმწიფო მოხელე, მოღვაწე, პოლიტიკოსი, რომელიც ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს ყველა იმ მიმართულებით, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დგას პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, როგორც არასდროს, ახლა საჭიროა ერთიანობა. გუნდი ისე ერთიანია, როგორც არასდროს და ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და უსაფუძვლო განცხადება, რაზეც არ ღირს კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა ზალკალიანმა.