კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება – რაულ კასტრომ დაადასტურა, რომ იგი კუბის “კომუნისტური პარტიის” ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ამ ნაბიჯით კუბაზე ძმების, რაულ და ფიდელ კასტროების 60-წლიანი მმართველობა სრულდება.
პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, 89 წლის კასტრომ განაცხადა, რომ პარტიის ხელმძღვანელობას ახალგაზრდა თაობას უთმობს, რომელიც “სავსეა ენთუზიაზმით და ანტიიმპერიალისტური სულისკვეთებით”.
კასტროს პარტიის ახალი ხელმძღვანელი არ დაუსახელებია, თუმცა მიიჩნევენ, რომ მას მიგელ დიას-კანელი ჩაანაცვლებს, რომელსაც კასტრომ 2018 წელს პრეზიდენტობა დაუთმო. თავად რაულ კასტრომ მოქმედი პრეზიდენტის თანამდებობა 2006 წელს, ძმის, ფიდელის ავადმყოფობის გამო დაიკავა, რომელიც კუბას 1959 რევოლუციის შემდეგ ედგა სათავეში. 2011 წელს კი რაულ კასტრო “კომუნისტურ პარტიის” ლიდერი გახდა. მან კუბაში ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური რეფორმა გაატარა.