„პრაიმშოუს“ წამყვანი და პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე ვაქცინაციასთან დაკავშირებული გადაცემის და უარყოფით გამოხმაურებების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ გუშინდელი გადაცემა ყველამ ერთად დაგეგმა.
ნოე სულაბერიძე:
„სალამი ყველას,
ცოტა რამ „პრაიმშოუს“ გუშინდელი გადაცემა ვაქცინაციის შესახებ:
ჩვენ, ამ გადაცემის წამყვანებმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა, ერთად დავგეგმეთ ეს გადაცემა და ამ გამოხმაურების მიხედვით კიდევ უფრო მეტად ვთვლით, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ინსპირაციის მიზეზი სოცქსელში გაკეთებული გამოკითხვა იყო, რომელმაც შეიძლება ითქვას, ტრაგიკული შედეგი დაგვანახა. აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ საჭიროდ, თემა გაგვეშალა და ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების პოზიცია დაგვეფიქსირებინა ვაქცინაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით (დაგვეთანხმებით ალბათ, ჩვენც გვაქვს უფლება).
ადამიანების დიდი რაოდენობა სკეპტიკურად არის განწყობილი და ვთვლით, რომ ზედმეტი არგუმენტები მხოლოდ სასარგებლო იქნებოდა. ამისთვის, რაც სტუდიამ დაიტია, მოვიდნენ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექიმები, რომელთა კვალიფიკაცია, გამოცდილება და დამაჯერებლობა ეჭვგარეშე იყო, არის და იქნება ყოველთვის (ალბათ, ამაშიც გვეთანხმებით). თუმცა ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, საზოგადოების იმ ნაწილისაც გვესმის, ვინც სიფრთხილითა და გარკვეული სკეპტიციზმით უყურებს ვაქცინაციის პროცესს და პანდემიური სტრესის ფონზე ესეც გასაგებია.
თუმცა… ჩვენ დღესაც იმავე აზრზე ვართ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი და ამაზე უკეთესი კაცობრიობას ჯერ არ გააჩნია.
გადაცემით განსაკუთრებით აღშფოთებულებს, კი რომლებიც თან აპროტესტებენ ჩვენს ეთერს და თან აზიარებენ, ვეტყოდი: იქნებ, ჩამოყალიბდეთ, რა გინდათ, თუმცა კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ყოველთვის გვიყურებთ.
ნებისმიერ დროს მზად ვართ ყველას შევეჯიბროთ ამ ქვეყნის სიყვარულში და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში.
სიყვარულით,
ნოე სულაბერიძე და მთელი „პრაიმშოუ“.