ახალციხეში ჩვენი კოლეგის გარდაცვალება იყო ტრაგედია, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა ვაქცინაციას, ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის სანდოობას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა.
„ჩვენ დიდი დრო დაგვჭირდა, რომ „ასტრაზენეკას“ და ზოგადად ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა დაგვებრუნებინა. ვფიქრობ, „ფაიზერის“ ვაქცინამ რაღაცნაირად გადაარჩინა ეს პროცესი, რადგან აქ ნდობა დახვდა „ფაიზერს“, რაც ისრაელის მაგალითით იყო განპირობებული და მაღალი აქტივობა გვქონდა. საწყისი 29 000 დოზა ორად გაიყო, გადანაწილდა და 14 500 მოქალაქე აიცრა. ძირითადად ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები და სხვა ჯგუფები, კერძოდ, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ვისთვისაც რეკომენდებული იყო „ფაიზერით“ აცრა“, – განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინაციის გააქტიურებაში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „სინოფარმის“ ვაქცინამ.
„კარგია, რომ ამ ვაქცინამ ჯანმოს ავტორიზაცია მიიღო. სამივე ვაქცინა, რომელიც გამოვიყენეთ, ავტორიზებულია ჯანმოს მიერ და რა თქმა უნდა, ხარისხის მოთხოვნა, რაც დღეს არის ვაქცინებთან მიმართებით, სამივე შემთხვევაში შესრულებულია“, – აღნიშნა გაბუნიამ.