იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი მოუწოდებს საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს, წარმოადგინოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
„მოვთხოვე არასამთავრობო სექტორს, დაინტერესებულიყვნენ ნაზი ჯანეზაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისობით კანონმდებლობასთან. ის ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას, არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, აფასებს მოსამართლეებს, იღებს გადაწყვეტილებებს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით და წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების სახის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მისი განათლება ეჭვს არ იწვევდეს. არასამთავრობო სექტორისგან სახეზე გვაქვს კლანური მოქმედება, ვინაიდან ნაზი ჯანეზაშვილი გამოსულია რა მათი წიაღიდან, ისინი ჩემს ამ ლეგიტიმურ მოთხოვნას დუმილით პასუხობენ“, – აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.
ნაზი ჯანეზაშვილი გვრიტიშვილის ამ განცხადებას იწუნებს და ამბობს, რომ ამ საკითხზე გვრიტიშვილმა მას წერილობით უნდა მიმართოს.
„თუ მას ჩემ შესახებ რაიმე აინტერესებს, შეუძლია წერილობით მომმართოს და დაბადების მოწმობასაც გავუგზავნი, ნიშნების ფურცელსაც, რეკომენდაციებსაც და დიპლომებსაც. გვრიტიშვილმა თუ იცის ძებნა, შევიდეს პარლამენტის ვებგვერდზე, სადაც დღესაც დევს პარლამენტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.