სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილ წინამძღვარს დანიელ გვილავას, რომელსაც იღუმენის ხარისხი ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა დღეს ჩამოართვა აცხადებს, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო.
ის თვლის, რომ მეუფემ ეს გადაწყვეტილება უსამართლოდ და უსაფუძვლოდ მიიღო და ამბობს, რომ რჩება მონასტერში და აგრძელებს მსახურებას ბერის რანგში.
დანიელ გვილავას თქმით, ის მეუფე სტეფანეს როგორც ეპარქიის მმართველს არ აღიარებს და მას არასდროს დაემორჩილება. რაც შეეხება გადაბარების საკითხს ეპარქიაში, ის თანამშრომლობას და პროცესში თავად ჩართვას აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ მონასტრის მართვა-გამგეობას თავად გააგრძელებს მონასტერში და არავის დაუთმობს ამ პოზიციას.
„დარწმუნებული ვიყავი, რომ ის უპროგნოზო გადაწყვეტილებას მიიღებდა. მაგრამ გავიხსენებ ილია მართლის სიტყვას ვინღა შრომობდა, ვინა ძღებოდა ღმერთო სადაა აქ სამართალი. მადლობა ღმერთს ვიტყვი იმას, რომ მე არასდროს მქონდა ამბიცია მარტო მღვდლობაზე. მარტო მღვდლობა არ აცხონებს ადამიანს. ჯერ კაცი უნდა იყო და მერე უნდა გახდე მღვდელი. სტეფანესგან განსხვავებით ის გახდა ეპისკოპოსი, მაგრამ ვერ გახდა კაცი.
მინდა დავაფიქსირო რომ ის არასდროს არ მიღიარებია ეპისკოპოსად და არც ვაღიარებ და მის დასჯასაც არ ვაღიარებ. მე ჩვეულებრივად ვიცხოვრებ მონასტერში გავაგრძელებ ბერულ ცხოვრებას, მოუვლი ჩვენს ნაშრომსა და ნაოფლარს. ჩემს მრევლს არ დავაკლებ არაფერს. რაც შევპირდი ღმერთს ყველაფერს გავუყოფ და გავუნაწილებ. ვიქნებით სიყვარულით. აუდიტის წინააღმდეგი არ ვარ მოვიდნენ დაათვალიერონ, შეამოწმონ,“ – განაცხადა დანიელ გვილავამ.
მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, იღუმენი დანიელ გვილავა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა.