ჩვენთან კორონავირუსისი საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემდეგ 400-ზე მეტ ადამიანს დაემართა კოვიდი და ყველა მათგანმა გადაიტანა იოლად, მეორე დოზის შემდეგ მხოლოდ 10-14 ადამიანი დაინფიცირდა კოვიდით – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ივლისის პირველი რიცხვებიდან შემოვა სხვადასხვა ვაქცინა.
„რადგან ჩვენთან ვაქცინაციის პროცენტი 5-7%-მდეა, ეს ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია იმისა, რომ ვერ მოვახერხეთ სიკვდილიანობის დრამატული შემცირება. აცრის ტენდენცია კარგია, მაგრამ აცრილთა რაოდენობა დაბალია. ვაქცინაცია დავიწყეთ 15 მარტს, თან არ იყო ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. ყველაზე უარესი იყო მოსახლეობის სკეპტიციზმი და მიუღებლობა ვაქცინაციის, რაც გააღრმავა პირველივე დღეებში ფატალურმა შემთხვევამ. იმის შემდეგ აცრილია 180 000 ადამიანი და არც ერთი ფატალური შემთხვევა არ გვქონია. ამან თავისი როლი ითამაშა, სკეპტიციზმი იკლებს, ყველაფერი მიდის წინ ვაქცინაციის საკითხში. წინ მიდის ვაქცინაციის ქსელიც, იყო 80 პუნქტი, ახლა არის 130 და მალე იქნება 250 პუნქტი. ყველგან არის რეანიმაციის სამსახური თუ ეს საჭირო იქნება. ივლისის პირველი რიცხვებიდან შემოვა სხვადასხვა ვაქცინა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას გული წყდებოდა „ფაიზერზე“ ზოგიერთს იდეაფიქსი აქვს, რომ „ფაიზერით“ უნდა აიცრას. მათ ექნებათ „ფაიზერი“ და კიდევ უფრო უკეთესი, მათ ექნებათ „ნოვოვაქსი“, რომელიც ჯერ არ გამოსულა მსოფლიო ბაზარზე. „ნოვოვაქსი“ მიიღებს დადასტურებას და ჩემი რწმენით, ეს იქნება ყველაზე უკეთესი ვაქცინა, „ფაიზერზე“ კიდევ უკეთესი“. – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.