გენერალი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ჩართულობითა და ფასილიტაციით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას აფასებს და წერს:
“თქვენ გახსოვთ, პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტისას, თურქეთის პრეზიდენტის ერთი ფრაზა გამოვყავი – “საქართველო არის რეგიონული თანამშრომლობის გასაღები.” დახვედრის დეტალებზე მეც ვწერდი და აქტიურადაც გაშუქდა (თუმცა ყველა მედიამ არ შეამჩნია).
დღეს რაც მოხდა, განცხადებები სამთავრობო წყაროებზე ამ წუთებში ვრცელდება, ზუსტად ისაა, რასაც ეს ფრაზა ასახავს და რაც მიუთითებს საქართველოს როლის ზრდაზე როგორც რეგიონულ პროცესებში, ასევე სამეზობლო პოლიტიკაში. ესაა ნდობის განმტკიცება პირველ რიგში ჩვენს უშუალო მეზობლებთან და რეგიონის გარე აქტორებთან.
ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, აზერბაიჯანის მხარემ, საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთს გადასცა 15 ტყვე, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები.
თქვენ გახსოვთ პრემიერის ვიზიტების თანმიმდევრობა, ბაქო, ერევანი, ანკარა, მანამდე ბრიუსელი. ამ ვიზიტების შედეგიცაა ნდობის გაღრმავება.
ღარიბაშვილი, როგორც განცხადებებშია აღნიშნული, უშუალოდ იყო კავშირზე როგორც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ასევე პრემიერ ნიკოლ პაშინიანთან. მსგავსი რამ, კონფლიქტის ისტორიის მანძილზე პირველ ხდება და, რა თქმა უნდა, რეგიონულ ჭრილში, პოზიტიური მოვლენაა.
მივესალმები ასეთ აქტიურ საგარეო პოლიტიკას. ასეთი ნაბიჯები ხელს შეუწყობს მშვიდობას რეგიონში, ნდობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.
აზერბაიჯანული მხარე უკვე გამოეხმაურა დღევანდელ ფაქტს და მადლობა გადაუხადეს ირაკლი ღაეიბაშვილს გაწეული სამუშაოსთვის და მისი როლისთვის აღნიშნულ მოლაპარაკებაში.
იმედი მაქვს სხვა, ჩვენთვის სასიცოცხლო მიმართულებებითაც ასევე აქტიურ პოლიტიკას ვაწარმოებთ.
———–
ვისაც არ წაგიკითხავთ, მთავრობის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იმყოფებოდა მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას.
საქართველო თავიდანვე აქტიურად თანამშრომლობდა ამერიკელ პარტნიორებთან, ისევე, როგორც სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. საქართველოს არაერთხელ გამოუხატავს მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეეტანა საერთაშორისო საზოგადოების მცდელობებში, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ემსახურება.
დღევანდელი ფაქტის მსგავსი ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა მნიშვნელოვნად დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოების მიზნებს, ხელი შეუწყოს რეგიონში პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას.
მისასალმებელია, რომ საქართველო ამ პროცესის ნაწილია. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი მაგალითი და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მეზობლებს შორის არსებული რთული საკითხების გადასაჭრელად. საქართველო მომავალშიც მზად არის, საჭიროებისამებრ, შესაძლებლობების ფარგლებში, დაეხმაროს პარტნიორებს და აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტისას.”