სახალხო დამცველი პანსიონში რომ შესულიყო, არაფერი დაშავდებოდა ამით. მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილება, რომ სახალხო დამცველი იქ არ შესულიყო, სულაც არ უკავშირდებოდა რაღაც მძიმე გარემოებებს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
„დღეს სახეზე გვაქვს პოზიტიური ძვრები. შეიცვალა პანსიონის მმართველობა, გადაიდგა ნაბიჯები სიტუაციის განმუხტვისთვის. პირველ რიგში ეს განმუხტვა ესაჭიროება ბავშვებს. როდესაც ვიხილავთ ამ პრობლემის ერთ წახნაგს – როდის შევა სახალხო დამცველი ან შევა თუ არა – თვალთახედვიდან გვეკარგება უმთავრესი – ბავშვების ინტერესი. დღეს ბავშვების ირგვლივ ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, რომ ჩემი აზრით, ყველამ, ვისაც მიაჩნია, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული, უნდა ვისაუბროთ ისე, რომ ტემპერატურამ დაიწიოს, აჟიოტაჟი დასრულდეს. მე ვნახე ეს ბავშვები, როდესაც ვითარება ყველაზე უფრო დაძაბული იყო და ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ.