“ავრცელებდით ინფორმაციას, რომ იქ საშინელება ხდებოდა, რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა”- ასე ეხმაურება, თბილისის მერი, კახა კალაძე, ნინოწმინდის პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. თბილისის მერი, მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
“ბოლო თვეების, ბოლო კვირების განმავლობაში ვაკვირდები მოვლენებს, ვაკვირდები თქვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ იქ საშინელება ხდებოდა. თუმცა, რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან თქვენც მიხვედით იქ და ნახეთ რეალური მდგომარეობა. შესაბამისად, გამიჭირდება სწორი აქცენტების გაკეთება”. – თქვა კალაძემ.
ცნობისთვის, 14 ივნისს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა. გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლასთან დაკავშირებით პატრიარქმა ილია მეიორემ მიიღო. პანსიონს ამ დრომდე მიტროპოლიტი სპირიდონი ხელმძღვანელობდა. პანსიონში ამ დრომდე 23 ბავშვი რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.