საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და რომელთა დამსაქმებელმაც დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები, ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანეს. მათ საქართველოს პირველ არხს აცნობეს, რომ ამჟამინდელი პირობებით კმაყოფილი არიან და თავიანთი საცხოვრებელი პირობების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გამოუგზავნეს.
დასაქმებულთა ცნობით, საქართველოს აღნიშნულ 24 მოქალაქეს წინა დამსაქმებელმა სრულად არ აუნაზღაურა კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი. ამიტომ მათ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყეს. სარჩელი გერმანიის შრომისა და სოციალური მდგომარეობის ფედერალური სამინისტროს საკონსულტაციო სამსახურმა – „მირამ“ მოამზადა. „მირა“ არის გერმანიის ის სახელმწიფო უწყება, რომელიც შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვაზე ზრუნავს. ჯგუფური სარჩელი მათ გერმანიის შესაბამის სასამართლოში დღეს შეიტანეს. ამასთან, 24-წევრიანი ჯგუფიდან სამი ადამიანი უახლოეს დღეებში საქართველოში დაბრუნებას აპირებს. მათ შორის არის ერთი დასაქმებული, რომელმაც არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო ფეხის დაზიანება მიიღო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გასწევია.