ერაყში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე საფრთხეშია – ცხოვრების უფლების მისაღებად, ერაყში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფება საქართველოს მოქალაქეებს მინიმუმ ნახევარი მილიონი დოლარის გადახდას სთხოვს.
“აქაურ მთავრობასაც და ყველა ორგანოს, ეს იქნება პოლიცია, ჯარი, სასამართლო ყველას ეს დაჯგუფება განკარგავს. როცა მოვიდა ეს დაჯგუფება და ითხოვდნენ ფულს, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ჩემი მეუღლე არ აძლევდა ფულს, რის შედეგადაც მიიღო მუქარა სიცოცხლის მოსპობაზე. […]
ელემენტარული ბავშვი რომ მივიყვანო პარკში, სათამაშოდ რომ გაერთოს არის იგივე დაჯგუფება რომელიც ამოწმებს, ვინ შედის პარკში და ვინ გამოდის, ანუ გვეშინია ჩვენი ადგილსამყოფელი ისევ გაიგონ”, – ამბობს ერაყში მცხოვრები ეკატერინე ჭკადუა.
ეკატერინე ჭკადუა ამბობს, რომ ერაყში ერთ-ერთი თავდასხმის შემდეგ, მის მეუღლეს, რომელიც ერაყელია, 2017 წელს საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრომ 1 წლის ვადით ბინადრობის უფლება მისცა, 2018 წელს კი საქართველოში ცხოვრების უფლება შეუწყვიტა. ქვეყანაში დაბრუნების თხოვნით არაერთხელ მიმართეს იორდანიაში საქართველოს საელჩოსაც, თუმცა პასუხი ასევე უარყოფითი იყო. იუსტიციის სამინისტრომ უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად ჭკადუას მეუღლის მოქალაქეობა დაასახელა და განაცხადა, რომ ის ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.