თბილისში, ვაშლიჯვარში დღეიდან მოძრაობა აღდგება. მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოების ძირითადი ეტაპი სრულდება. შესაბამისად, მაჭავარიანის ქუჩა დღეს ორმხრივად გაიხსნება. უკვე დასრულდა მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მთავარი ნაწილიც.
კახა კალაძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დღის მეორე ნახევრიდან აღდგება. თბილისის მერის თქმით, ამჟამად მოწყობილია ასფალტის საფარის ქვედა ფენები, გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გზის ზედა ფენაც დაიგება.
გარდა ამისა, მაჭავარიანის ქუჩაზე უახლოეს მომავალში ლედ განათების სისტემაც დამონტაჟდება. მიმდინარე სამუშაოები წუხელ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც დაათვალიერა. მისი თქმით, აღნიშნულ არეალში გადაადგილება სრულებით უსაფრთხოა.