საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციონერი მერობის კანდიდატების შესაძლო გამარჯვებაზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები მზად არიან, გამარჯვების შემთხვევაში დესტრუქციული დღის წესრიგით შევიდნენ მუნიციპალიტეტებში.
მაშინ, როდესაც თბილისსა და ქუთაისში ოპოზიციის კანდიდატები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლიდერობენ, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოზურგეთში მოქმედი ოპოზიციონერი მერი “ქართულმა ოცნებამ” პირველ ტურში მარტივად დაამარცხა.
“ოზურგეთში ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გაკეთებული, აშენებულია ახალი სკოლები, არის ცენტრალური მაგისტრალი გაკეთებული, გაზიფიკაცია, სოფლის მეურნეობის სფეროში არის საინტერესო პროექტები და ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
საპირისპიროდ, ძალიან ცოტა აქვს გაკეთებული მოქმედ მერს და პრაქტიკულად, შეხვედრებს ჩვენ რომ ვატარებთ, მოქალაქეებს ძალიან უჭირთ ერთი მაგალითის დასახელება მაინც, თუ რა გააკეთა მოქმედმა მერმა და მერიამ ოზურგეთში, რომელიც ახსოვს მოქალაქეებს, რომელიც ახსოვს მოქალაქეებს, როგორც საამაყო პროგრესული და ჩვენი ქალაქისთვის რაიმე წინსვლის მომტანი პროექტი.
თითოეულმა ოზურგეთელმა კარგად იცის, რას ნიშნავს ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვიგეთ პირველ ტურში დიდი უპირატესობით და გავიმარჯვებთ მეორე ტურშიც დიდი უპირატესობით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.