Bloomberg-ი, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის ნიუ-იორკში გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ატმოსფეროში წარიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის შემდგომი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა განიხილეს. წყაროს ცნობით, უკრაინულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ზამთარში რუსული იერიშების შესაძლო გაძლიერებასა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტზე.
გარდა ამისა, კიევმა უკმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, რომლის ფარგლებშიც, სანქციების პაკეტის გაგრძელების სანაცვლოდ, ევროკავშირმა ორ რუს ოლიგარქს სანქციები მოუხსნა.
შეხვედრის შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროპა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ოდესმე:
„ჩვენი ახალი სარაკეტო პროგრამა წარმოების მოცულობის სწრაფად გაზრდაში დაგვეხმარება. უკრაინა კიდევ უფრო მეტ თავდაცვით მხარდაჭერას მიიღებს. უმაღლეს რადაში რეფორმების წინსვლასთან ერთად კი მეტ საბიუჯეტო დახმარებასაც. მიმდინარე კალენდარულ წელს ჩვენ კიდევ 37 მილიარდი ევრო გვაქვს გათვალისწინებული“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
