როდესაც არჩევნებს აგებ, ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ მეორე დღეს აცნობიერებ, რომ ერთი გუნდის წევრები ვართ. ჩვენ პირველ რიგში ამერიკელები ვართ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ბარაკ ობამამ ქვეყნის წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს.
”როდესაც არჩევნებს აგებ, ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ მეორე დღეს აღიარებ და აცნობიერებ, რომ ერთი გუნდის წევრები ვართ. ჩვენ არც ”რესპუბლიკელები” ვართ, არც ”დემოკრატები”, პირველ რიგში ჩვენ ამერიკელები ვართ, ჩვენ გახლავართ პატრიოტები. ჩვენ ვართ ის, რაც უფრო უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის.
გუშინ ბატონი ტრამპის შენიშვნები როდესაც მოვისმინე და როდესაც ვესაუბრე მას, ეს დამოკიდებულება დავიჭირე. ამან გამაძლიერა. ეს გახლავთ ის, რაც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას – ერთიანობის შეგრძნება, პატივისცემა სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი, კანონის უზენაესობა და რა თქმა უნდა ერთმანეთის პატივისცემა. იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებით იმუშავებს ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პერიოდში და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე სულისკვეთებით აიღებს სტარტს მისი პრეზიდენტობა”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.
მან საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდა, რომ მხრებში გასწორდნენ, რადგან მათ სერიოზული სამუშაო ჩაატარეს.
„ახალ პრეზიდენტს ჩვენ ვუტოვებთ უფრო ძლიერ სახელმწიფოს, ვიდრე მანამდე იყო. ეს იყო ჩვენი მისია, რომ ვიღაცას მოეგო, ვიღაცას წაეგო და ყველა ჩემი გუნდის წევრი ამაყობს იმით, ასევე ყველა ამერიკელი, რომელიც ამ ქვეყანას აშენებს. ეს იყო ძალიან დაძაბული კამპანია. დღეს ბევრი ამერიკელი აღტკინებულია, ზოგი – არა, მაგრამ ეს გახლავთ დემოკრატიისა და საარჩევნო კამპანიის მახასიათებელი. ახალგაზრდებს, ვინც პოლიტიკაში პირველად მოდის, ალბათ იმედებიც გაუცრუვდათ შედეგებით. მინდა, მოგიწოდოთ, რომ პირიქით, გამხნევდით, იცოდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ქვეყნის მდგომარეობა”, – განაცხდა ობამამ.
მისივე თქმით, ზოგჯერ აგებ კამათში, ზოგჯერ არჩევნებში და გზა, რომელიც ქვეყანამ აირჩია, არასდროს არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი.
„ყველაფერს გავაკეთბეთ, რომ შემდეგი პრეზიდენტი წარმატებული აღმოჩნდეს. ეს სამუშაო გახლავთ ესტაფეტის მაგვარი. როდესაც გადასცემს ესტაფეტას სხვას, იგი წავა, დაიწყებს მოძრაობას პროგრესისკენ და უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ესტაფეტას გადავცემთ შესაბამის დონეზე, რადგან ჩვენ ყველა ერთი გუნდის წევრი ვართ“, – განაცხადა ობამამ.