ვასრულებთ სიტყვას, რადგან ჩვენ არ ვართ პოზიციებს გამოკიდებულნი, – ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თსუ-ის თვითმმართველობის ყოფილმა პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განაცხადა, სადაც მისი და ვიცეპრეზიდენტების მხრიდან თანამდებობების დატოვების შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ ვასრულებთ სიტყვას, რომელიც უნივერსიტეტისთვის კრიზისულ პერიოდში დავდეთ – თუ იმჟამინდელი რექტორი ვლადიმერ პაპავა დატოვებდა თანამდებობას, ჩვენც ანალოგიურად მოვიქცეოდით. მას შემდეგ კიდევ გაგრძელდა კრიზისული პერიოდი უნივერსიტეტში. დღეს შედარებით მშვიდი გარემოა, ამიტომ ვასრულებთ სიტყვას, რადგან ჩვენ არ ვართ პოზიციებს გამოკიდებულნი”, – აღნიშნა საბაურმა.
სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილმა პრეზიდენტმა შალვა საბაურმა უარყოფითად შეაფასა განათლების მინისტრის, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლისა და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრების შეხვედრა.
„არ მივესალმებით მთავრობის წევრთა შეხვედრას სტუდენტთა მხოლოდ ერთ ჯგუფთან. განათლების სამინისტრო ისეთ პროცესებში ერევა, რომელშიც არ უნდა ერეოდეს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას უნივერსიტეტის რეალური ავტონომიის დასაცავად”, – აღნიშნა საბაურმა.
სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა სახალხო დამცველის დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ომბუდსმენმა გააკეთა არაადეკვატური და არაკომპეტენტური განცხადება და მისი განცხადება შეიცავს ფუნდამენტურ ცდომილებას – ”სტუდენტურ თვითმმართველობაზე საუბრისას ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან გაერთიანებასა და არჩევით ინსტიტუტს“.
სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად ისინი გააგრძელებენ ბრძოლას უნივერსიტეტის ავტონომიისთვის უკვე სტატუსების გარეშე, როგორც თვითმმართველობის რიგითი წევრები.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა და ვიცე-პრეზიდენტებმა პაატა ბახტურიძემ და თორნიკე ცინაძემ თანამდებობები დატოვეს.