აქ გადაწყვეტილებები არის ექიმების მისაღები და არა პოლიტიკოსის, არც საპარლამენტო უმრავლესობიდან და არც ქუჩის ოპოზიციიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბრისას განაცხადა.
„არსებობს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, პროტოკოლი და სტანდარტი და ამ სტანდარტის თანახმად დღეს რაც სჭირდება მიხეილ სააკაშვილს მიეწოდება. თუ ხვალ საჭირო გახდება რაიმე სხვა ჩარევა, რომლის გაკეთების საშუალება არ აქვს პენიტენციურ სისტემას, აქ გადაწყვეტილებები არის ექიმების მისაღები და არცერთი პოლიტიკოსის, არც საპარლამენტო უმრავლესობიდან და არც ქუჩის ოპოზიციიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.